მშენებლობა

რა არის და რისთვის გამოიყენება არმირებული სარტყელი

არმირებული სარტყელი (ე.წ. “ქამარი”) მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც იმეორებს არსებული კედლების კონტურს. იგი ზრდის შენობის მდგრადობას არათანაბარი ჯდენის, ქარის დატვირთვების, ტემპერატურის ცვლილების, მიწისძვრის და სხვა მოსალოდნელი ფაქტორების დროს. სარტყელი თავის თავზე იღებს და ანაწილებს მოსულ დატვირთვას, რომლის მოწყობაც აუცილებელია მზიდი კედლების მქონე ნაგებობებისთვის, თუ შენობა ერთსართულზე მეტია, პირველივე სართულის კედლების ამოყვანის შემდგომ იწყება სარტყელის მოწყობა.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი: სარტყელის მოსაწყობად ჯერ საჭიროა ყალიბის გაკეთება, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ლამინირებული ფანერა (სამშენებლო საყალიბე ფანერა) და ხის ფიცრები (სისქით დაახლოებით 2სმ). იმისათვის, რომ დაცული იქნას ყალიბის სიგანე, საჭიროა ყოველ 1 მეტრში გაკეთდეს სპეციალური განივი დამჭერები (რომ არ “ითამაშოს” და დაკარგოს ფორმა). მას შემდგომ, რაც ყალიბი მზად იქნება, იწყება არმატურის მონტაჟი. არმატურა ისე უნდა მოეწყოს, რომ მინიმუმ 5სმ იყოს დაცილება მის გარშემო არსებულ სიბრტყეებთან (ეს დაშორება შეივსება ბეტონით, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს არმატურის დაცვას გარემოს აგრესიული ზემოქმედებისაგან). ტექნიკურ ენაზე ამას “დამცავი შრე” ეწოდება, რომელიც 2-5 სმ-მდე მერყეობს და მისი ანგარიში შეიძლება განხარციელდეს ევროკოდ 2-ს მეშვეობით. არმატურისაგან იკინძება/იწნება სივრცითი კონსტრუქცია, მინიმუმ 4 გრძივი არმატურისაგან (დიამეტრი 12 მმ-იდან), რომელიც შეერთებულია პარალელიპიპედის ფორმით ე,წ ხამუთებით. მას შემდგომ, რაც აიკინძება არმატურის კარკასი და ჩალაგდება ყალიბში, შესაძლებელია ბეტონის ჩასხმა. რეკომენდირებულია ჩაისხას ბეტონი C20/25 კლასის, რაც ძველებური მარკირებით წარმოადგენს B25 ბეტონს.

ბეტონის ჩასხმის შემდგომ უნდა მოხდეს ბეტონის ვიბრაცია, რათა კონსტრუქცია დავიცვათ ჰაერის ბუშტების გაჩენისგან და თანაბრად შევავსოთ ყველა სივრცე ინერტული ამსალითა და შემკვრელით (ინგლისურად იხ. “honeycomb in concrete”). უნდა მოხდეს ბეტონის ვიბრაცია ჩასხმულ ნაწილში რაიმე სახის ინსტრუმენტით, უმჯობესია ე.წ. ვიბრატორით (ცუდ შემთხვევაში დავუშვათ არმატურის ღერო მასში “ჩხვლეტა”), რათა გამყარდეს და მოხდეს სიცარიელეების ლიკვიდაცია. გაითვალისწინეთ, რომ სარტყელის ჩასხმა უნდა განხორციელდეს ერთიანად, არ უნდა მოხდეს ჩასხმის პროცესის გაჩერება, კერძოდ: ახალი მოზელილი ბეტონის ჩასხმამდე ჩასხმული ბეტონის მასის გაშრობა. მაშასადამდე, წინასწარ უნდა გავთვალოთ თუ რა საჭირო ოდენობის ბეტონია საჭირო. თუ მაინც მოხდა, რომ არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ბეტონი, უნდა მოხდეს უკვე ჩასხმული ბეტონის ბოლოების მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში გარკვეული სახის წინაღობით/ფირფიტით დაფიქსირება, ხოლო მას შემდგომ,როდესაც გავაგრძელებთ ბეტონის ახალი მასის ჩასხმას, მოვაცილოთ დაფიქსირებული ფირფიტა, მოვახდინოთ გადამბის ადგილის წყლით დასველება და ამის შემდგომ ახალი მასის ჩასხმა.

რკინა-ბეტონის სარტყელის კონსტრუქცია და მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ სურათებზე:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *